როგორც საელჩოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრა 27 აგვისტოს, დაკავებულის მოთხოვნით შედგა.
„რუსეთის საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მას აუცილებელი საკონსულო-სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს. საელჩო გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან კავშირზეა. სპეკულაციებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ დაელოდოთ გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა.
საელჩოს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ პროცედურას იმის დასადგენად, აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს რუსეთის მოქალაქეობა.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, გერმანიის დედაქალაქში მოკლეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად იგი თავში დაჭრეს. ბერლინის პროკურატურამ მეორე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, ამოღებული იქნა მკვლელობის იარაღი და სავარაუდოდ ის ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა. 26 აგვისტოს გამოცემა „ბილდმა“ დაწერა, რომ ეჭვმიტანილი ციმბირშია დაბადებული და ვადიმი ჰქვია, ხოლო გერმანიაში დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა.
გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. რუსეთის ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოს ან მისი ოფიციალური უწყებების კავშირი უარყო.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.
უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა. ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.
ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი მოკლა. ხანგოშვილი აცხადებდა, რომ ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად შსს-ს წარმომადგენლებმა გააგზავნეს.