weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინს ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად – გაბუნია

11:52 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია „მთავარ არხზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმს“ წაიყვანეს. პირველ გადაცემაში ტელეწამყვანმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, რის გამოც „რუსთავი 2“-ზე ორი თვით უფლებამოსილება ჰქონდა შეჩერებული.

გიორგი გაბუნიას მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ:

„ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კითხვა, რომელსაც მე ადამიანები მისვამდნენ იყო ეს – რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს. ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ამას აკეთებს ყველა საქართველოში: სახლში, ქუჩაში, სამსახურში – ყველა თავის სივრცეში. ჩემი სივრცე ეს არის.

ამიტომაც მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად – მისსავე ენაზე და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა. ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს და იგივესკენ მოუწოდებს ქართველებს; ხელისუფლებას, რომელსაც თვითონ ეშინია და აშენებს ხალხსაც თითქოს ერთი წამყვანის ერთი კომენტარით შეიძლება ომი დაიწყოს, დაგვბომბონ და მიწასთან გაგვასწორონ.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს და რომლებიც, მზად არიან საკუთარი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას, თუ როგორ იპყრობს ნელ-ნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას; როგორ იტაცებენ ოკუპანეტები მათ ძმებს, აწამებენ, კლავენ და მერე გულამოცლილს აბურნებენ მშობლიურ მიწაზე.

პუტინის დედის საფლავს რომ შევეხე, თურმე, ასე მითხრეს, კაცობის ქართული ტრადიციები დამირღვევია. მაპატიეთ, მაგრამ ქართული ვაჟკაცობის და თავდადების ტრადიციები სად გაქრა, რომლითაც სუფრასთან, ჭიქით ხელში ყველა ამაყობს ხოლმე. დიდგორის ბრძოლით და დავით აღმაშენებლით მოამაყე ერის რომელ ტრადიციაში ჯდება, რომ ჩვენი ხელისუფლებაც და მისი თანამოაზრეებიც ასე ჩასვრილები სხდან, დუმილით უყურებენ დაუსრულებელ ოკუპაციას და უფრო მეტიც, თვითონ ეპატიჟებიან მტერს ჩვენს ქვეყანაში – გავრილოვს პარლამენტი დაუთმეს, ბავშვების თვალების მთხრელ რუს გახარიას კი პრემიერ-მინისტრის სავარძელი. ქართველი პატრიოტთი ვაჟკაცების სახეებად, სამწუხაროდ, დღეს კომბლიანი ლევან ვასაძე და თარხან-მოურავიანი ირმა ინაშვილი იქცნენ.

მეკითხებიან, რა მოიტანა ჩემმა გინებამ და გამოსვლამ და მაშინ, მე გკითხავთ, რა მოიტანა რუსეთის ფერებამ და მტერთან მოლაპარაკებებმა? - რუსეთში გაყიდული იაფასიანი პროდუქცია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში უკან მოგვიგდებენ და სამაგიეროდ, დამატებით მიტაცებული მიწები და დაკარგული ტერიტორიები.

პუტინის დედის საფლავების დამცველებო, ქართველების საფლავებზე რას იტყვით, რომლებზეც ოკუპანტებმა ანწუხელიძე დაკლეს? რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებმაც არც კი იციან სად არის მათი შვილების, მშობლების, დების და ძმების საფლავები, ან იციან და იქ ვეღარასდროს მიდიან.

ვითომ, ერთმორწმუნე რუსეთის რომ გირჩევნიათ სხვა მეზობლებს, რუსეთი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ზუსტად ქართულ ეკლესიას ებრძოდა და პატრიარქებს გვიხოცავდა, ფარისევლურად აწესებთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს და აღნიშნავთ ამ თარიღს. სინამდვილეში, თქვენ ხომ ცალ ფეხზე გკიდიათ რწმენაც, იესოც და დედამისიც. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პუტინს და მის დედას ბევრად უფრო მეტი და გულანთებული დამცველი აღმოაჩნდა საქართველოში, ვიდრე იესოს და მის მშობელს. თქვენ პუტინის წილხვედრი ხართ თუ ღვთისმშობლის? ეს უდა გადაწყვიტოთ. რელიგიას მხოლოდ ნიღბად იყენებთ თქვენი სიმხდალისა და ღალატის დასაფარად, თუ მართლა გწამთ?

დიახ, მე ვაგინე, ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და არ ვნანობ ამას. ძლივს ვიკავებ თავს, რომ ახლაც იგივე გავიმეორო. იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო მონა ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, იმიტომ, რომ არ მინდა მეშინოდეს, იმიტომ, რომ არ ვპატიობ რუსეთს იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდა ჩემს ქვეყანას და ამას დღესაც აგრძელებს და ამაში მას ჩემი ხელისუფლება ეხმარება.

ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში სადაც ოკუპანტს თავზე დამასვამენ და როდესაც ამას გავაპროტესტებ – თვალებს დამთხრიან.

იმიტომ, რომ არ მინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩემს მეგობარს გაიტაცებენ და შემდეგ მკვდარსა და გამოშიგნულს დამიბრუნებენ. იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანას მართავდეს ხალხი, რომელსაც საკუთარი მოქალაქის სიტყვით დაცვის უნარიც კი არ აქვს. მე, რაც არ უნდა გამეკეთებინა, როგორ ცუდადაც არ უნდა მოვქცეულიყავი, მე ხომ მაინც საქართველოს მოქალაქე ვარ და როდესაც კადიროვი პირდაპირ მოკვლით დამემუქრა, ჩემს მშიშარა ხელისუფლებას სიტყვაც კი არ დაუძრავს თავისი მოქალაქის დასაცავად. საერთოდ, რომ გადაეცათ ჩემი თავი რუსეთისთვის, ეგეც კი არ გამიკვირდებოდა.

ვაგინე იმიტომ, რომ მინდა ვიცხოვრო სახელმწიფოში და არა რუკაზე გაურკვევლად შემოხაზულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებსაც როგორც უნდათ ისე ცვლიან ხოლმე. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარ ვართ სახელმწიფო. ვაგინე იმიტომ, რომ მრცხვენია, როდესაც ჩემი ქვეყნის ასეთ დაჩმორებას ვუყურებ, იმიტომ, რომ პუტინმა იცოდეს, არ ვართ და არასდროს ვიქნებით რუსეთი, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველო არ არის ერთი და იგივე; ვაგინე იმიტომ, რომ იცოდეს, არ გვეშინია და მინდა თავისუფლება; ეს ჩემი ქვეყანაა, ეს ჩემი ტერიტორიაა. მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის „პოსტ ფაქტუმი“ მთავარ არხზე,“ –განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ტელეწამყვანის თვითგამოხატვის ფორმა არხისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, რის გამოც მას ორი თვით შეუჩერეს უფლებამოსილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]