აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, იმედაიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ მიმართა.
„რატომ განვითარდა ეს პროცესები დღეს? მგონია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოვადგენდით საშიშროებას...მიუხედავად ბეჟანის გობაძის (მრჩეველთა საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“) გაცხადებული პოზიციისა, რომ ამ შემადგენლობით ვერ ავირჩევდით დირექტორს, შესაძლოა მომხდარიყო ისე, რომ საბჭოზე ყოფილიყო მეტი ზეწოლა და დასრულებულიყო სხვაგვარად. 10-15 დღის წინ იმიტომ არ მოხდა ამ განჩინების გამოგზავნა, რომ კონკურსის ვადა იწურებოდა და გასაჩივრებას სააპელაციოში ვეღარ მოესწრებოდა. ეს პროცესები, სავარაუდოდ, ახლა განვითარდა იმიტომ, რომ მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის საშუალება არ მისცემოდა და უმაღლესი საბჭოს მიერ ახლად დაკომპლექტებულ შემადგენლობას აერჩია ახალი დირექტორი“, – ამბობს იმედაიშვილი.
მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„ის, რომ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მძიმე შედეგი დადგა და დირექტორი ვერ აირჩიეს, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა... პოლიტიკურად გაჟღენთილი ხმა საბჭოს ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. საბჭოს წევრებს უნდა გვემუშავა კონსესუსის მიღწევაზე. საბჭოს წევრებმა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მითითებით ცხოვრობენ, განაპირობეს ის, რომ დირექტორი არ გვყავს... ვფიქრობ, იყვნენ კანდიდატები, შეიძლება წავსულიყავით მოლაპარაკებაზე და აგვერჩია კარგი დირექტორი“, – ციტირებს აჭარის ტელევიზია ნატა იმედაიშვილის განცხადებას.
მიმდინარე წლის აპრილში მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორი 2016 წლის ოქტომბრიდან იყო და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. ამის შემდეგ მრჩეველთა საბჭომ რამდენჯერმე გამოაცხადა კონკურსი, თუმცა ახალი დირექტორი ვერ აირჩია.
მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით თვენახევარში ეწურებათ.