weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პანკისის ხეობაში „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება

13:08 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება. როგორც კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, „ხადორი 3“-სგან განსხვავებით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრში აშენდება.

„აღნიშნული ჰესის მშენებლობაზე ნებართვა უკვე დიდი ხანია გაცემულია და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მშენებლობის დაწყებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს შიდა ნიუანსებზე, შეიძლება იყოს ნოემბერი, დეკემბერი, ან იანვარი. ძალიან დიდი დროც არ არის დარჩენილი“, – ამბობს იორდანიშვილი.

კითხვაზე, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ნოემბერში მშენებლობის დაწყებას, იორდანიშვილმა განაცხადა: „დავუშვათ, დესტრუქციული ძალების მიერ მართულმა პროცესმა, რომელიც წინააღმდეგია ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგეტიკული განვითარების“.

„ფერის“ დირექტორის თქმით, პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი დაკავშირებული იყო „ხადორი 3“-თან, ხოლო „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობაზე, იორდანიშვილის ინფორმაციით, წინააღმდეგობა არ არსებობს.

„მოსახლეობის პოზიციაში რა იგულისხმება? ნებართვა გაცემულია, საჯარო განხილვები ჩატარებულია, საერთოდ სოფელთან და მოსახლეობასთან შემხებლობა არ აქვს. ის პროცესები მოჰყვა „ხადორი 3“-ს, რომელიც უშუალოდ სოფელთან ახლოს მდებარეობს. მეგობრული საუბრების დონეზე ვიცი, რომ ადგილობრივებს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ“, – ამბობს იორდანიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), პანკისის ხეობის მცხოვრებლების სახელით, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის საკითხზე დავა დაახლოებით ათი თვის წინ დაიწყო. ორგანიზაცია ითხოვს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც „სამყურისწყალი 2 ჰესი“ უნდა აშენდეს. EMC მიიჩნევს, რომ მშენებლობაზე ნებართვები ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე გაიცა.

„როგორც წესი, ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და EMC, ყველა ნებართვას ასაჩივრებენ და რომ გითხრათ, დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ... მერამდენე სასამართლოა, ვერც გეტყვით. მათ ეს გაასაჩივრეს რამდენიმე თვის წინ და პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება. დიდი ალბათობით ჯერ დამთავრებისგან ძალიან შორს იქნება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

 

ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში 2021 წლის აპრილის ბოლოს უნდა შევიდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის შეფასებით, ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს სასმელი წყლის რესურსის კლებას, რაც ადგილობრივებს მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]