weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სახელმწიფომ დაცვა შემომთავაზა – გიორგი გაბუნია

13:17 პარასკევი, 19 ივნისი 2020

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული, თუმცა იქ მისვლაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

როგორც გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამომძიებლებმა ჰკითხეს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე იცოდა თუ არა რაიმე კონკრეტული დეტალები. გაბუნიას თქმით, ინფორმაცია, რომელიც მას აქვს, საკმაოდ მწირია.

„ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მცდელობას ჩემი სიცოცხლის ხელყოფის. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც გვარამიამ მითხრა. განვუმარტე მოსამართლეს, რომ არ მქონია ამის მცდელობა. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც პლუს მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო ინფორმაციის არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებდნენ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ და აღნიშნა, რომ არ იცის, რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

ჟურნალისტის თქმით, დღეს სახელმწიფო დაცვის შესახებ შეთავაზება მიიღო.

„ვიდრე სხდომაზე შევიდოდი, შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ჯერ არ დავთანხმებივარ, რადგან უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან, გადავწყვიტოთ, იმიტომ, რომ მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს. უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად.

„კორონაპანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს.საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად“, – განაცხადა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

ბრალდებას რამზან კადიროვი 16 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს კიდეც.

„თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ამის შესახებ ვერავინ, მითუმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები [საქართველო და უკრაინა] ვერ გაიგებენ“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

ამასთან, კადიროვმა გიორგი გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]