weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხანგოშვილის მკვლელობის მეორე სავარაუდო მონაწილის კვალი რუსეთამდე მიდის

13:24 შაბათი, 27 ივნისი 2020

გერმანიის ფედერალური პროკურატურა და ფედერალური კრიმინალური სამსახური საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში გავიდნენ რუსეთის მოქალაქის რომან დ.-ს კვალზე. გერმანული მედიის ინფორმაციით, ძალოვანი უწყებები ვარაუდობენ, რომ ხანგოშვილის შეკვეთილ მკვლელობაში ისიც მონაწილეობდა.

Deutsche Welle წერს, რომ ჟურნალმა Der Spiegel-მა მეორე სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივნისს გაავრცელა. მათი ცნობით რომან დ. სანქტ-პეტერბურგიდან არის და სავარაუდოდ, ეს მისი ნამდვილი სახელი არაა.

Der Spiegel-ის ცნობით, შენგენის ვიზის მიღებისას რომან დ.-მ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში, ფაქტობრივად ბრუნვის არმქონე კომპანია „რუსტ“-ში. იგივე კომპანია ჰქონდა მითითებული ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვადიმ კრასიკოვს.

გარდა ამისა, რუსეთის ორივე მოქალაქეს ერთი და იმავე დღეს აქვთ წარდგენილი დოკუმენტები საზღვარგარეთის პასპორტისა და შენგენის ვიზის მისაღებად. კიდევ ერთი დამთხვევა, რაც მობილური ტელეფონების მონაცემებიდან გაირკვა, არის ის, რომ

როგორც ვადიმ კრასიკოვი, ისე რომან დ. ხანგოშვილზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე იმყოფებოდნენ მოსკოვის ოლქში, ორეხოვო-ზუევოში, სადაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ძალები გადიან წვრთნას.

რომან დ. პოლონეთის ტერიტორიაზე ბელარუსიდან 2019 წლის 3 აგვისტოს ავტომობილით (Infinity Q50) შევიდა და მესაზღვრეებში ეჭვი არ გამოუწვევია. Der Spiegel წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა როლი ჰქონდა მას ხანგოშვილზე თავდასხმის მომზადებაში.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით გერმანიის ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს გენერალურ პროკურატურას. მხოლოდ გუშინ, 27 ივნისს, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვების პასუხად, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მკვლელობის გახსნაში საქართველოს სამართალდამცავი სისტემა გერმანულ მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მკვლელობის საფუძველს ხანგოშვილის ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა როგორც რუსეთის ფედერაციის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ. მოგვიანებით, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობის პრორუსულად მოხსენიება ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა გერმანიის პროკურატურის პოზიცია.

გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს. ანგელა მერკელის თქმით, გერმანია ამის უფლებას იტოვებს და ახლა საჭიროა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ეროვნების ვადიმ კრასიკოვი იმავე დღეს დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ლიდერი. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ხანგოშვილმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი ცხინვალის რეგიონის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა და გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]