weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა სწორად არ მიმაჩნია - მეუფე ნიკოლოზი ჩოლოიანზე

18:58 შაბათი, 18 ივლისი 2020

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. სასულიერო პირის აზრით, ერთ ადამიანზე „სისტემის ჯოხის გადატეხვა“ სწორი არ არის.

„როდესაც გავიგე, რომ ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, სპეციალურად მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინტერესებდა. შემიძლია ჩემი გითხრათ - ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, ეკლესიამ ლუკა სირაძეს წესი აუგო და მისი სულისთვის დღემდე ლოცულობს, რადგან შესაძლოა მოზარდის გარდაცვალება „გადმოვარდნის შედეგი იყო“.

„წარმოიდგინეთ, თქვენ რომ დაგემუქრონ თქვენი ძმის სამსახურიდან გამოგდებით, ამისთვის თავს არ მოიკლავთ... მე დიდი იმედი მაქვს, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და ჩვენ იმიტომ ვლოცულობთ ამ ბავშვისთვის, რომ დაგვარწმუნეს ოჯახის წევრებმაც, ჩვენც გამოვიკვლიეთ, რამდენადაც შეგვეძლო და დავრწმუნდით, რომ არ არის დამტკიცებული თვითმკვლელობა და ამიტომ ვლოცულობთ...

ჩვენ გამოვიძიეთ, გამოვიკვლიეთ და ეს ადგილი, სადაც ეს გამოვარდნა თუ გადმოხტომა მოხდა, იყო ადგილი, სადაც ბიჭები იკრიბებოდნენ ხოლმე, სადაც პირველად არ იყო მისული. ეს სახიფათო ადგილი იყო იმისთვის, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა, რაშიც ჩვენ თავის დროზე დაგვარწმუნეს. იმის თქმა მინდა, რომ ეს შეიძლება თვითმკვლელობა არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

რამდენიმე დღის წინ, ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 2019 წლის 10-11 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მდგომარეობიდან მის გამოყვანას ცდილობდა და აშანტაჟებდა. დედა ამბობს, რომ ლუკაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების კიდევ 4-5 თანამშრომელი ახდენდა. ელიკო ჩხიტუნიძე მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

„მთავრობას ვეხვეწები, პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, ლუკას საქმე პირად კონტროლზე მექნებაო, შევახსენებ და ვთხოვ, უმაღლესი ზომით დაისაჯონ მარიანა ჩოლოიანი და ის პირები, რომლებიც ასე ორგანიზებულად იყვნენ ჩართულნი ლუკას ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში“, - განაცხადა ელიკო ჩხიტუნიძემ.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 11 დეკემბერს სცადა. დაშავების შემდეგ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით 6 დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევას წინ უსწრებდა 10 და 11 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, არასრულწლოვნის გამოკითხვა. მას „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით (ჩვენების მიცემის იძულება) დააკავა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. ჩოლოიანი დღემდე წინასწარ პატიმრობაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]