არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 11 წლითა და 3 თვით განისაზღვრა.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 2020 წლის 25 თებერვალს კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის სასჯელს იხდის კიდევ ერთი პირი - გ.ჯ..
51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.