როგორც ადვოკატმა „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს თქვა, საუბარი შეეხებოდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გახსნას, ასევე, სავარაუდოდ, ფონიჭალაში გამართულ აქციას, სადაც ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან მესამე დღეს, ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა პოლიციის არაეფექტური მუშაობა გააპროტესტეს.
„როდესაც ამ საქმეში ჩავერთე, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ მომცა შემდეგი ინფორმაცია: იმ პერიოდში, როდესაც მას სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდა შემხებლობა და ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას, დაუკავშირდა რამდენიმე პირი. ერთ-ერთმა უთხრა, რომ მათ გახსნეს კომპიუტერი და მისი გოგო იყო შარში. შემდეგ მეორემ უთხრა, რომ კომპიუტერი არ იყო გახსნილი. მერე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით უთხრეს - ხომ მოვილაპარაკეთო... შანტაჟის, ვაჭრობისმაგვარი საუბრები იმართებოდა. ცოტა უცნაური ფორმის საუბრები იყო, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი სტრესულ მდგომარეობაშია, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში ჯერ არ მისულა.
„უახლოეს დღეებში მოვიყან, გადამოწმდება მისი ტელეფონი და დადგინდება ვინ არიან ის პიროვნებები. თუ საგამოძიებო ორგანოდან იქნებიან, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობის ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ძალიან ეპარება ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდი ჩაედინა.
„შეიძლება აქ ძალიან საშიშ რამესთან და სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს შემხებლობა. არავის ჰქონდეს იმედი, რომ რამე და ვინმე უშველის. მე მივალ იქამდე, რომ სიმართლე იქნეს დამტკიცებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან 18 ივლისს, დილით საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 18 ივლისს, საღამოს მიიღეს. 19 ივლისს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიანმა“ კამერამ დააფიქსირა. აქედან მისი კვალი დაიკარგა. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.
შსს-ს განცხადებით, დაკარგულის სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. ამის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილი მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს გარდაცვლილი. ავტომობილი და ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე არასრულწლოვანმა მწყემსმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.
შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულია ცენტრ „ემპათიას“ დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალის სიკვდილის ხანდაზმულობაა 3-5 დღეა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, გვამზე ხილული ტრავმული დაზიანებების კვალი არ არის, ხოლო სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შორსწასული გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისათვის აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.
24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს, რაც მხარეს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას აძლევს.