თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილის გაუჩინარებიდან მესამე დღეს, კომპიუტერის ამოღების შემდეგ, პოლიციის თანამშრომელმა, კეძოდ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლადო ბაჭულაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ თამარი „დიდ შარში იყო გახვეული“.
ბაჭულაშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. როგორც მან ჟუნალისტებთან განაცხადა, გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია და ჯუმბერ ბაჩალიაშვილთან მისი კომუნიკაცია მხოლოდ სამძებრო სამუშაოებს შეეხებოდა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან 18 ივლისს, დილით საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 18 ივლისს, საღამოს მიიღეს. 19 ივლისს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიანმა“ კამერამ დააფიქსირა. აქედან მისი კვალი დაიკარგა. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.
ოჯახი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში სდებდა ბრალს, რის გამოც ფონიჭალაში აქცია გამართა. შსს აცხადებს, რომ დაკარგულის სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. ამის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილი მხოლოდ მეოთხე დღეს, 22 ივლისს იპოვეს. ავტომობილი და ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე არასრულწლოვანმა მწყემსმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.
შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულია ცენტრ „ემპათიას“ დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალის სიკვდილის ხანდაზმულობაა 3-5 დღეა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, გვამზე ხილული ტრავმული დაზიანებების კვალი არ არის, ხოლო სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შორსწასული გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისათვის აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.
24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს, რაც მხარეს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას აძლევს.
ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ის ვებ დეველოპერად კომპანია „ზეგ“-ში მუშაობდა.