weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის TV-დან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე სასამართლოს მიმართავენ

14:17 შაბათი, 01 აგვისტო 2020
ფოტოზე - გიორგი კოხრეიძე ფოტოზე - გიორგი კოხრეიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) ორი დღის წინ აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართავს.

30 ივლისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ გადაცემა „ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი შოთა (ბაჩო) გურაბანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე. ბრძანებას საფუძვლად დაედო მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ემზარ პაქსაძის რეკომენდაცია.

ბრძანებებსა და რეკომენდაციებში მითითებულია, რომ გათავისუფლების საფუძველი გახდა ძალადობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც წარმოადგენს გადაცდომას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მაუწყებლის ინტერესებს. საქმე ეხება 2020 წლის პირველ ივლისს, თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს, რაზეც აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა პოლიციას მიმართა და გამოძიება ძალადობის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაიწყო. სისხლისსამართლებრივი დევნა ამ დრომდე არავის მიმართ დაწყებულა.

EMC-ი აცხადებს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია დევნის, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი და მენეჯმენტი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ ახორციელებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

„მურვანიძისა და გურაბანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სამართლებრივად არარელავანტურია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირის დამნაშავეობის საკითხს სასამართლო წყვეტს და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური წარმოების შედეგად დაადგინოს დასაქმებულის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, რამდენადაც დაუშვებელია ერთსა და იმავე ქმედებას მიეცეს სისხლის სამართლისა და დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია, მაუწყებლის ადმინისტრაცია იყო ვალდებული, დალოდებოდა გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აცხადებს EMC.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება, გიორგი კოხრეიძე პირველი ივლისის კონფლიქტის დაწყებას ესწრებოდა.

„მისთვის აღქმადი იყო ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა უმოქმედოდ, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა ადგილი და ამით ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას“, - აღნიშნავს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში პირველი ივლისის დაპირისპირების ამსახველი და სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრების გაშვებასაც ეხმაურება. EMC-ის შეფასებით, ვიდეო-მასალა თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს ასახავს და სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ მისი გავრცელება შემაშფოთებელია. ვიდეო-მასალას თან ახლდა განცხადება, რომ „მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ძალადობა მიუღებელია“. EMC-ის განცხადებით, ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მიზანი გათავისუფლებული თანამშრომლების მოძალადეებად წარმოჩენაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება ტელევიზიიდან არაერთი ჟურნალისტის გათავისუფლება, რის გამოც კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]