პრემიერ-მინისტრის თქმით, ყაზბეგში, ისევე, როგორც გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. გახარიას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ტესტირება საქართველოში შემოსული სატვირთო ავტომანქანების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა, რომელთაგანაც ვირუსი 788-ს დაუდასტურდა.
„შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე.
ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.
ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი თქმით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ინფიცირებული შსს-ს თანამშრომლობიდან 3 ადგილობრივი მკვიდრია.
„ჩვენი ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. იქ ინფიცირებულებიდან სამი არის ადგილობრივი, თითო-თითო სოფელში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ ჰქონიათ თავიანთ ოჯახებში, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისთვის აღებული ნაცხები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ყაზბეგში ისეთივე ვითარება შეიქმნება, როგორიც მესტიის მუნიციპალიტეტშია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელშიც 2020 წლის 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობაა ასახული, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი - 46.6% (127 შემთხვევა) რუსეთზე მოდიოდა.