„გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გააჩნდათ, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც, დღეის მდგომარეობით მოქმედებს, თუმცა ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, ხვალიდან აიკრძალება ღია სივრცეში ისეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
თეატრები, კონოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ოქტომბრის ნაცვლად, პირველ ნოემბერს გაიხსნება.
„ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
გუშინ კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დღეს 44-ს. ახალი შემთხვევების უმრავლესობა აჭარის რეგიონს უკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდასტურდა, სიადანაც 1325 (75%) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.