„უკვე დადასტურებულ 24 შემთხვევას დღეს დაემატა 4 ახალი შემთხვევა. ერთი შემთხვევა დაკავშირებულია ე.წ. მატნის კლასტერთან. პაციენტი გორის ქორწილთან დაკავშირებული პიროვნებაა. მეორე შემთხვევა ლაგოდეხში დაფიქსირდა. ეს შემთხვევა დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან. ორი შემთხვევა დაგვიდასტურდა სიღნაღში, გეგმიური ტესტირების შედეგად“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, მატანში დაინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, როგორც ქორწილის მონაწილე და მას დღემდე არ აქვს ვირუსის სიმპტომები.
„მეორე პაციენტსაც, ლაგოდეხის შემთხვევასაც, არ აქვს სიმპტომები. ის არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში - ტესტი ჩაუტარეს, როგორც აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონეს. დანარჩენ ორ შემთხვევას, როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა რამდენიმე სიმპტომი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში აღებული 520 ნიმუშის პასუხი სავარაუდოდ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღებული ნიმუშების რაოდენობიდან გამომდინარე, პასუხები გვიანდება. უკვე დასრულებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 63 ადამიანიდან აღებული ნიმუშის კვლევა – ყველას პასუხი უარყოფითია.
16 სექტემბრის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარაშია გამოვლენილი.