weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია – პროკურატურა

13:31 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 hits 179

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზა ჩაუტარდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებს, რომლებიც, ადვოკატის განცხადებით, სატელიტიდანაა გადაღებული და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებ-გვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შესთავაზეს მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები.

„თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი“, – განაცხადა პროკურორმა.

ამირან გულუაშვილის თქმით, დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი - „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში:

„ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებ-გვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.

ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.

ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე,

ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, – განაცხადა პროკურორმა.

8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, გამოძიებისგან დამოუკიდებლად მოიპოვა და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს იმ ადგილზე არ დგას, სადაც 22 ივლისს იპოვეს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოების მიმართ სრული ნდობა აქვთ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირება და მკვლელობის მუხლით გამოძიება მოითხოვა.

„სატელიტიდან მოპოვებული ფოტოებით მტკიცდება, რომ იმ დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგა იქ, სადაც შემდგომში ვითომ აღმოაჩინეს. ამიტომ ეს უკვე ცალსახა მტკიცებულებაა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]