weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ბაჩალიაშვილის საქმე მკვლელობის მუხლით გამოიძიონ

19:12 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას და მკვლელობის მუხლით გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები, მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს ეკა ქობესაშვილი მიხეილ რამიშვილთან ერთად დაცავს. როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, საქმე მოცულობითია და იურისტი მას ეცნობა.

„ამ ეტაპზე შეგვიძლია თქვათ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა იყოს გაცემული. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნაა, რომ საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლზე და არ უნდა მიმდინარეობდეს ამ აბსურდული მუხლით.

სატელიტიდან მოპოვებული ფოტოებით მტკიცდება, რომ იმ დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იდგა იქ, სადაც შემდგომში ვითომ აღმოაჩინეს. ამიტომ ეს უკვე ცალსახა მტკიცებულებაა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ხომ არ არიან საქმესთან დაკავშირებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები ან სხვა გავლენიანი პირები, ვისაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გამოძიებაზე.

ალეკო ცქიტიშვილმა მართლმსაჯულებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, კარგად გამოჩნდა გასულ წლებში, როდესაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაზარალებულს, ზაზა სარალიძეს.

„ჩვენ იქაც ვაწყდებოდით ასეთ გარემოებებს, როდესაც გამოძიება ან იყო გულგრილი ამა თუ იმ ფაქტების მიმართ, ან ცდილობდა და მიზანმიმართულად შლიდა კვალს, ზოგიერთ შემთხვევაში, ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და ეს მოწმეები შემდგომში ან საერთოდ აღარ საუბრობდნენ, ან ცვლიდნენ ჩვენებებს... მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა, გამოძიება, პირველ რიგში, უნდა იყოს დაზარალებულის მხარდამჭერი და დამხმარე, სამწუხაროდ, კვლავ გვაქვს უნდობლობა როგორც ოჯახს, ისე ჩვენ ადვოკატებს. ეს კარგად ჩანს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ უსაუბრია მიხეილ რამიშვილს. უკვე ჩვენი იურისტიც აწყდება ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან ან უმოქმედობას, შეიძლება ასე ითქვას, ცალსახად, ან შესაძლოა აქ იყოს გარკვეული მიზანმიმართული ქმედებები“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა პროკურატურამ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. პროკურატურის განცხადებით, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

ოჯახი და ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ. ისინი აცხადებენ, რომ 23 წლის ქალი მოკლულია - ვარაუდობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს.

8 აგვისტოს მიხეილ რამიშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, გამოძიებისგან დამოუკიდებლად მოიპოვა და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს იმ ადგილზე არ დგას, სადაც 22 ივლისს იპოვეს. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრს ფოტოების მიმართ სრული ნდობა აქვს.  

რამიშვილის მიერ ფოტოების გასაჯაროების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა გენერალურმა პროკურატურამ. მასში აღნიშნულია, რომ სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით მიმართეს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე სხვადასხვა კომპანიებს. პროკურატურის განცხადებით, აშშ-ის შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები. პროკურატურა აცხადებს, რომ იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის რამიშვილის ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ექსპერტიზა ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]