weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბერლინის სასამართლოში ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება

10:49 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. განსასჯელის სკამზე რუსეთის მოქალაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც რუსეთის მოქალაქის - ვადიმ სოკოლოვის მოქმედი პასპორტი ჰქონდა. როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, დაკავებულის ნამდვილი სახელი და გვარი „ვადიმ სოკოლოვი“ არ არის და ის ვადიმ კრასიკოვია, ყალბი პასპორტი კი რუსეთის სპეცსამსახურებისგან მიიღო. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქმეში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე - „რომან დავიდოვი“ ფიგურირებს.

2020 წლის 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებულს ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა მისცეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ დაუდგენელ დროს ბრალდებულს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდირება დაავალა, მკვლელობის საფუძველს ხანგოშვილის ოპოზიციური დამოკიდებულება წარმოადგენდა როგორც რუსეთის ფედერაციის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ.

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გასული წლის დეკემბერში, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული კვალის აღმოჩენის შემდეგ, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. 2019 წლის დეკემბერში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო.

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. Deutsche Welle-ს ცნობით, რუსეთში მასზე ძებნა ჯერ კიდევ 2002 წელს, ტერორიზმის მუხლით გამოაცხადეს. მოგვიანებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 2004 წლის ივნისში, ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ხანგოშვილი არ ადასტურებდა თავის მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც 78 ადამიანი, ძირითადად სამართალდამცველები დაიღუპნენ. Deutsche Welle-ს თანახმად, 2004-2005 წლებში ხანგოშვილი საქართველოში დაბრუნდა და თორნიკე ქავთარაშვილის პასპორტით ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ხანგოშვილმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი ცხინვალის რეგიონის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში.

2015 წლის 28 მაისს, თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს. მას მანქანიდან ესროლეს. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. თავდასხმას ის რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა. ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, რაზედაც უარი ეთქვა. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა და გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

ამ თემაზე:

ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]