weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შიდა შუქნიშნის მიხედვით, წითელ ზონაში გადავედით – გამყრელიძე

16:05 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფცირების შემთხვევების ზრდის გამო, საქართველო, შიდა მაჩვენებლით, ე.წ. წითელ ზონაში გადავიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 26 გახდა.

„26 თებერვლიდან მოყოლებული საერთო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე კარგი და ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გვაქვს უკვე 26, ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით. ამას გიდასტურებთ.

მეორე - კუმულატიური მაჩვენებლით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში – მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 თუ 214 ათასი ტესტი საერთო, ხოლო ყოველდღიური გვაქვს დაახლოებით 9-10 ათასი, რაც ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის კარგია.

ხაზს ვუსვამ, ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დავმშვიდდებით, რადგან შემთხვევების ზრდა გვექნება. გუშინდელთან შედარებით ახალი შემთხვევები დღეს 200-ით არის გაზრდილი და ეს გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საქართველოს გარდა ამ სიიდან ამოიღეს კანდა და ტუნისი. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დააწესონ დროებითი შეზღუდვები ამ ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებაში „არააუცილებელ მოგზაურობასთან“ დაკავშირებით.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს.

„საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს, თუმცა, თუ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ ევროკავშირში არსებულ მდგომარეობას, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს უკვე საუბრობს „ლოკდაუნზე“. აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება ხვალიდან კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენ დღეს და გუშინ ვიყავით შეყვანილები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. 1759 ახალი შემთხვევიდან 686 ფიქსირდება თბილისში, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია: აჭარა – 487, იმერეთი – 356, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 35, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

გუშინ, 22 ოქტომბერს ქვეყანაში ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 21 ოქტომბერს 1351 ახალი შემთხვევა იყო, 20 ოქტომბერს – 1194, ხოლო 19 ოქტომბერს – 1186.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]