weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხვიბლიანები ცილისწამების გამო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ – თავდაცვის სამინისტრო

11:09 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020
ფოტოზე თემურ და დავით ხვიბლიანები ფოტოზე თემურ და დავით ხვიბლიანები

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ ცილისმწამებლურ და ღირსების შემლახავ კამპანიაში ადანაშაულებს. სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის დროს აყვანილი ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი და კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიკა გვარამიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს დავით ხვიბლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სენაკის ბაზაზე აწამებენ. საუბარია გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტზე.

„აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, სამინისტრო მათ მხარს დაუჭერს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

ნიკა გვარამიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ დაუკავშირდა წყარო, რომელმაც ბანკში მძევლად აყვანილებს შორის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი ამოიცნო. ნიკა გვარამიას თქმით, წყაროს ინფორმაციით, ცრუ მძევალი იყო კიდევ ორი პირი. ამის შესახებ გვარამიამ სამართალდამცავებსაც აცნობა.

„დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი ვალდებულება და პატრულს ვაცნობე. აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას. პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე“, – დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, 21 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამასთან, შსს მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან „ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს“.

შსს-ს განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]