weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

23:29 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 hits 209

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლებით გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით გაგრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს-ში დღეს დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი 32 წლის ბადრი ესებუაა. სამართალდამცველებს მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ აქვთ დადგენილი. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ტყუილია თითქოს სავარაუდო დამნაშავე დააკავეს და მან გაქცევა შეძლო.

ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცხოვრობს. დღეს მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გასული კვირის ორშაბათს თუ სამშაბათს ბადრი ესებუა თბილისში, სამკურნალოდ წავიდა და ხვალ აპირებდა დაბრუნებას

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]