weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ გიორგი რურუას ცემისთვის 3 პატიმარს ბრალი წარუდგინა

17:55 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციური დაწესებულების სამ პატიმარს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, მსჯავრდებული გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა - ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და მსჯავრდებულის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელეს.

„როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს“, – თქვა სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]