„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით სანამ მკაცრი შეზღუდვების ეტაპი დაიწყებოდა. შესული ვართ პიკში. ყოველდღიურად 3-დან 4 ათასამდე შემთხვევა გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა. ეს ასეა ხოლმე. განსაკუთრებით კვირას. ჩვენ ვმერყეობთ 3-4 ათასს შორის, ანუ პიკში ვართ ახლა. ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, თუ როგორ დავიცავთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. შესაძლებელია, ცოტა კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ 4426 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4780.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 20 305 აქტიური შემთხვევაა. აქედან 6383 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 466 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.