„პირდაპირ გეუბნებით, რომ მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში – დაახლოებით 400-მდე იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ზრდა. ეს მოსალოდნელი იყო. როგორც წესი, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი, 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა. 49 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ მაღალია ჩვენთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის 29 არის ის მაჩვენებელი, როდესაც შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია“, – თქვა გამყრელიძემ.
48 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა: გარდაცვალების 49 შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ხოლო 50 შემთხვევის შესახებ – გუშინ, 13 დეკემბერს. ბოლო მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.