weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეშეთი-კობის გვირაბისთვის საქართველოში გვირაბგამყვანი მანქანა ჩამოიყვანეს

13:32 პარასკევი, 08 იანვარი 2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებიით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა.

„ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. გვირაბი სიგანით 15 მეტრი იქნება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ძირითადი ნაწილი ხადას ხეობაზე გადის. გარემოსდამცველები, ადგილობრივი მცხოვრებლები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები პროექტის განხორციელების წინააღმდეგი არიან. ისინი აცხადებენ, რომ არ ჩატარებულა სათანადო კვლევები და ხეობის კულტურული და ისტორიული ღირებულება არ არის შესწავლილი და შეფასებული, რაც განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას, გამორჩეულ ბრიომრავალფეროვნებას, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. ისინი ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას ითხოვენ.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გზის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერებაა, პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარეც.

ქვეშეთი-კობის საერთაშორისო გზა სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7-კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა, ახალი გზა კი ამ პრობლემებს მოაგვარებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

„ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35-კილომეტრიანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კილომეტრით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ საატომობილო გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

 

ამ თემაზე:

ხადას ხეობა საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობაა – ICOMOS-ის ანგარიში

„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას მემკვიდრეობას განადგურების საფრთხეს უქმნის“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე პრემიერს მიმართეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]