weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის – მეუფე იოსები ბუკნარის კონფლიქტზე

13:05 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ეხმაურება. მიტროპოლიტის თქმით, ვითარების განსამუხტად მან სოფელში სამღვდელოება გაგზავნა, რამაც შედეგი გამოიღო და მხარეები შერიგდნენ.

შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადებას საქარტველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად.

რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება. ამინ“, – ნათქვამია შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადებაში.

სოფელ ბუკნარში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, მათ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. 12 იანვარს სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ „ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მეჩეთის აშენება და მინარეთი მოჰყვება“.

13 იანვარს, სოლიდარობის ნიშნად, ბუკნარში აჭარიდან სხვადასხვა რაიონებიდან მუსლიმები ჩავიდნენ. პარალელურად, სოფლის ცენტრში ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მუსლიმებს ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. დღის ბოლოს, ჩოხატაურის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, გურიის გუბერნატორი და დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ ბუკნარის მცხოვრებლები შეთანხმდნენ და ლოცვაში ხელი არავის შეეშლება.

დღეს, 14 იანვარს სოფლის ცენტრში მუსლიმური თემის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მათგანის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, საკითხის გადაწყვეტაში მართლმადიდებელი ეკლესიის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, შეთანხმება საჯარო შეხვედრაზე უნდა შედგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]