weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი – წილოსანი

14:40 შაბათი, 16 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით იყო ჩასული, ადგილობრივები ორ სხვადასხვა ჯგუფად - „ქართველ და მუსლიმ ადამიანებად“ მოიხსენია.

„არც ამ სოფელში, არც გურიის რომელიმე სოფელში თუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი.

ჩვენი ისტორიული და კულტურული მონაპოვარია ის, რომ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთად თანავცხოვრობთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოგვიანებით, დეპუტატმა განმარტა, რომ განცხადების გაკეთების დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი მოქალაქეები ერთმანეთს რელიგიურ ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. როგორც ადგილობრივი მუსლიმები აცხადებდნენ, რამდენიმე თვის წინ, სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. 12 იანვარს სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა „რეგინფოსთან“ აცხადებდა, რომ „ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მეჩეთის აშენება და მინარეთი მოჰყვება“.

13 და 14 იანვარს, ჯერ სოფელ ბუკნარში, შემდეგ კი ჩოხატაურში, მერიის შენობის წინ ადგილობრივი და სხვადასხვა რაიონებიდან ჩასული მუსლიმები აქციებს მართავდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციაზე მივიდა დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე, რომელმაც ბუკნარის მცხოვრებლებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ. როგორც მან განაცხადა, სოფელში ლოცვები გაგრძელდება და ამას ადგილობრივი ხელისუფლებაც უჭერს მხარს.

გუშინ, 15 იანვარს, ბუკნარში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა ჩაატარეს, რის შემდეგაც კონფლიქტის მხარეებს შორის შესარიგებელი შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში, ნინო წილოსანის გარდა, მონაწილებდნენ „ქართული ოცნებიდან“ ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

როგორც ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ინციდენტი, რომელიც სოფელში მოხდა და რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, სრულად აღმოფხვრილია“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]