weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყოფილი დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი რძალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

14:07 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021

ბიზნესმენი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ადგილობრივ გამოცემა Jnews-თან ინტერვიუში მკოიანი ამბობს, რომ მის ოჯახზე მუდმივად ახორციელებენ ზეწოლას, რის გამოც ქალი სტრესში იყო.

„2019 წელს პეტროსიანის [პოლიციის ყოფილი უფროსი სამველ პეტროსიანი] შვილმა ჩემს ძმას, მარტუნს დაარტყა, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო. 2020 წლის 26 მარტს მომხდარი სროლის მერე მისი შვილი დააკავეს. ჩემს რძალს არ აძლევდნენ შვილთან დალაპარაკების საშუალებას. ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ტიროდა და ამბობდა, მომასმენინეთ ჩემი შვილის ხმაო. შემდეგ მოხდა ჩემს ძმაზე თავდასხმა, როდესაც მისი ავტომობილი ააფეთქეს. ბოლო პერიოდშიც რა არ დაგვატეხეს თავს. ამოწმებენ ფირმებს, გვაიძულებენ გადახდილი გადასახადების ხელახლა გადახდას. დახურეს ჰესი. ჩვენი ოჯახის განადგურება უნდათ“, – განაცხადა მკოიანმა.

ენზელ მკოიანის რძალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ, 27 იანვარს დაასრულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

2020 წლის 26 მარტს, იმ დროს დეპუტატის მანდატის მქონე ენზელ მკოიანი და ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მანუკიანი ხალხით სავსე ქუჩაში იარაღს დამიზნებით ისროდა პეტროსიანის მიმართულებით. მხარეების სროლის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ინციდენტის შედეგად მკოიანის 19 წლის ძმისშვილი არმენ მკოიანი და სამველ პეტროსიანი დააკავეს. ივნისში სასამართლომ ისინი 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ენზელ მკოიანი არ დაუკავებიათ და მისთვის არც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწვეტიათ.

გასული წლის აგვისტოში მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმენიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატსა და მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. მალევე ახალქალაქში მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ავტომობილით თავადაც ხშირად გადაადგილდებოდა და სამიზნეც სწორედ ის იყო.

სექტემბერში ენზელ მკოიანის ძმის გაზის კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას.

2021 წლის იანვარში, მკოიანების საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურს - შპს „ენერგიას“ მუშაობის უფლება შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, კომპანია მდინარის წყალს უნებართვოდ მოიხმარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]