weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NGO-ები მოითხოვენ, საფრთხეების შეფასებამდე ნამოხვანჰესის სამუშაოები შეჩერდეს

13:41 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის 100 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლასა და ინვესტორი კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების განახლებას არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მიიჩნევენ, რომ რიონის ხეობის მცხოვრებლების მოთხოვნები და პროტესტი სამართლიანი და კონსტრუქციულია.

„საქართველოს კონსტიტუციით მათ მინიჭებული აქვთ უფლება, იზრუნონ გარემოს დაცვაზე და ჩართული იყვნენ გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც ისინი აღნიშნავენ, 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამოხვანის ჰესის სახეცვლილ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის 28 თებერვალს ისე მიიღო, რომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. გარდა ამისა, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ არ ჩაატარა და სამინისტროს არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები.

„ეს კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, რადგან სწორედ მათ საფუძველზე უნდა დადგენილიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის ხარისხი და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები. 

ამ სერიოზული კანონშეუსაბამობის მიუხედავად, კომპანიის მიერ წარდგენილ არასაკმარის და უხარისხო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც მოიწონა პროექტი და გასცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილება გაიცა იმ პირობით, რომ კომპანია გადაწყვეტილების მიღებამდე წარსადგენ ინფორმაციას/კვლევებს მომავალში მაინც წარადგენდა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების თანახმად, ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარდგენილიყო სამინისტროში, თუმცა, კომპანიამ აქაც უგულებელყო ვალდებულებები და მშენებლობა პირობების შესრულებამდე დაიწყო. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია პერიოდულად წარადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების (სწორედ იმ დოკუმენტების, რომლებიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განხილულიყო საზოგადოების მონაწილეობით) შეთანხმების შესახებ.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში; ხოლო, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ ორჰუსის კონვენციის თანახმად, ამ დოკუმენტების შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, სამინისტრომ, დაინტერესებული საზოგადოების ადეკვატური და დროული ინფორმირებისა და ეფექტური ჩართულობის საფუძველზე უნდა მიიღოს“, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ითვალისწინებენ რა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საზოგადოებას, კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის კონფლიქტის მზარდ ხასიათს და ასევე, იმას, რომ დღემდე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, მოითხოვენ:

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები.
  2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა: გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე.
  3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება.

ორი დღის წინ, კომპანია „ენკამ“, რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის წინასამშენებლო სამუშაოები პოლიციის ძალით განაახლა. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ, სოფელ ჟონეთში, დაახლოებით სამი თვის წინ გაშლილი კარვები, აქციის მონაწილეებს კი საპროტესტო ადგილი დაატოვებინეს იმ საბაბით, რომ ტერიტორია ინვესტორი კომპანიის საკუთრებაშია. იმავე ღამეს დემონტაჟი გაუკეთეს კაშხლის მშენებლობის ადგილზე, 2020 წლის 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებისა და სასულიერო პირების მიერ ერთობლივად აღმართულ ჯვარსაც. 

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშნებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ და კვლავ ითხოვენ, რომ „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი თქვას. სოფელ ჟონეთში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი 7 თებერვალს, კვირას, 13:00 საათზე.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტორმა კომპანიამ საქმიანობა კანონიერად განაახლა და ნამოხვანჰესის პროექტის განხორციელებას სახელმწიფო მხარს უჭერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]