weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა – ლომჯარია

09:02 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

„მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას.

იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

17 თებერვალს, 6.5-საათიანი სასამართლო პროცესის შედეგად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

სასამართლოს განჩინების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებს, პარტიის ოფისი დატოვოს და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს. ამ დრომდე ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]