weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

00:34 პარასკევი, 12 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობის მომზადებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაიწყო. მელაძე და ჩიხლაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სიუჟეტის ავტორები არიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

10 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა 1994-2003 წლებში ქვემო ქართლის გუბერნატორის, ლევან მამალაძის ინტერვიუ, სადაც მამალაძე ამბობს, რომ უკრაინული წყაროსგან მიღებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ, რათა „ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ“. მამალაძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს მოსმენილი.

„ყველამ ვიცით, ვის ინტერესს ატარებს და ვის მხარეზეა ლევან მამალაძე. ამბობს თუ არა ის სიმართლეს - ამის თქმა არავის შეუძლია. თუ ის ჩანაწერები არსებობს, რაზეც ის საუბრობს, უნდა მოგვასმენინოს, მაგრამ თუ ეს ჩანაწერები არ არსებობს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ხელისუფლების პროვოკაციაა“, – განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ ლევან მამალაძის ეს ინტერვიუ სამთავრობო მედიის მიერ შემთხვევით არ გავრცელებულა.

„მე მინდა შევახსენო საქართველოს პროკურატურას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს მათ პირდაპირ მოვალეობას და თუ მათ აქვთ ინფორმაცია საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციაზე, მოახდინონ რეაგირება და დაიცვან მოქალაქის უსაფრთხოება, თუმცა, ეს აჩნდეს განცდას, რომ თავად ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ანგარიშსწორება და შურისძიება დაგეგმილი ჩვენზე, ჟურნალისტებზე და ნელ-ნელა ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგ ეს ვინმე სხვას დააბრალოს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელაძესა და ჩიხლაძეს სახელმწიფო დაცვით სარგებლობა შესთავაზა.

6 მარტს „პირველის“ ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

9 მარტს, ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედების - ამოღების განხორციელების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პროკურატურას მასალების ამოღებაზე ნებართვა მისცა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისმა აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]