weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვა მისცა

13:10 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით 9 მარტს მიმართა, რათა: „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება ამოღება, კერძოდ, ამოღებულ იქნეს 2021 წლის 06 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიდეციალური წყარო მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები... კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან/და სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა“.

ადვოკატი კახა წერეთელი „პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, მოსამართლის ამ განჩინების საფუძველზე უშუალოდ ინფორმაცია გასცეს, რადგან მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მატარებლების და კონვერტის ან სხვაგვარი შეფუთვის ამოღება.

„ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი სასამართლო განჩინება, სადაც უშუალოდ მითითებული იქნება ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, კომპანია ამას დაუყოვნებლივ შეასრულებს“, – ამბობს ადვოკატი.

ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათი მიზანი არის არა „ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა“, არამედ კონფიდეციალურ წყაროზე გასვლა.

„ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა, დავიცვათ წყარო. კანონი გვაძლევს უფლებას, დაკითხვის დროს პირდაპირ არ ვუთხრათ წყაროს შესახებ და ასევე, ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მელაძემ.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

პროკურატურამ ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად გამოძიება 9 მარტს დაიწყო. სასამართლო განჩინებაში განმარტავს, რომ „ინფორმაციის მოპოვება პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან და შესაბამისად, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის“.

როგორც პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, ჩანაწერები 2010-2011 წლებშია გაკეთებული, როდესაც ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო. 

 

ამ თემაზე:

იგივე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ – ბერა

საუბარი გვქონდა პრემიერთან და ეს არის 2010 წლის ჩანაწერები, ფაბრიკაცია – მდინარაძე

„ლელომ“ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]