მთავრობამ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანული თემის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოწოდება, დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ერთი დღით ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების თაობაზე.
ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი „ნოვ“ ახალს, ხოლო მეორე „რუზ“ დღეს ნიშნავს. 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.
ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
ამ დღის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:
„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წელს, ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.