გოლეთიანის თქმით, ნამოხვანში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი და ჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებენ. მისივე ინფორმაციით, ჩახშობილია ინტერნეტის სიგნალი.
ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილე ძალის დემონსტრირების და დანარჩენების დაშინების მიზნით დააკავა. სულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერს მოძრაობა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ ავრცელებს.
„ჩანჩქერის ტერიტორიაზე ვიდექით, სადაც თავისი ტექნიკა შეიყვანეს და შემოღობვას აკეთებდნენ. აქედან შეძახილები იყო. ჩვენ ზღვარს არ გადავდივართ, ქვას არ ვისვრით, არ ვაგინებთ, არ ვლანძღავთ და კორექტულად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. პოლიცია იდგა. ალბათ, მენეჯერმა გადმოურეკა, ასე ხომ არ გააგრძელებთო, სავარაუდოდ, ასეთი სურათი შეიქმნა. უცებ ატყდა ჩოჩქოლი და რამდენიმე ბიჭი, სრულიად უდანაშაულოები, რომლებიც იდგნენ და ესაუბრებოდნენ პოლიციელებს, არც შეურაცხყოფას აყენებდნენ, არც აგრესიული შეძახილები ჰქონდათ... დავინახეთ, რომ ბიჭებს გვართმევდნენ. პოლიციელები მოგვაწვნენ, ლამის გადაგვთელეს. იქით კიდევ რიონის ნაპირი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა გადავცვენილიყავით ყველანი. ერთი, მეორე, მესამე ბიჭი წავართვით.
ერთი ბიჭი მაინც წაიყვანეს სრულიად უდანაშაულო, ძალის დემონსტრაციისთვის, იმისთვის რომ დაგვაშინონ, რომ თუ ბიჭებს დაიჭერენ ჩვენ დაგვაშინებენ, შევშფოთდებით, გავიქცევით აქედან და მთავარი პრობლემა მოიხსნება. როგორც ჩანს, ეს ახალი მენეჯერის სტილია“, – ამბობს მაკა სულაძე
კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს, პოლიციის მობილიზაციის პირობებში განაახლა. სამუშაოების განახლების შესახებ რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც 160 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან და ღამეს კარავში ათევენ, ნამახვანჰესის პროექტის ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ აცნობა.
რამდენიმე საათია პოლიციას გზა გუმათსა და ქორენიშში აქვს გადაკეტილი. დაახლოებით ორი საათის წინ სამართალდამცველები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ გზას გონივრულ ვადაში, მას შემდეგ გახსნიდნენ, რაც „საფრთხე აღმოიფხვრებოდა“.
„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ერთ საათზე მეტია ელის პასუხს, გზების გადაკეტვის მიზეზისა და მოქალაქის დაკავების შესახებ.
ამ თემაზე:
რიონის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით იზღუდება – შსს