weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები „ენკას“ მანქანებისთვის გზის გადაკეტვას აპირებენ

12:44 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021
ფოტოზე - კარვის გაშლა გუმათის შესასვლელში / დათო სიმონიას ფოტო ფოტოზე - კარვის გაშლა გუმათის შესასვლელში / დათო სიმონიას ფოტო

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აპირებენ, ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანები და მძიმე ტექნიკა არ გაატარონ სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

აქტივისტებმა დღეს დამატებითი კარავი დადგეს სოფელ გუმათის შესასვლელში, გზაგასაყართან, რათა კომპანიის ტექნიკას საშუალება არ მისცენ, სოფელ ზარათის გავლით მივიდნენ მშენებლობის ადგილზე. ჯერჯერობით კარავი არ არის გაშლილი, თუმცა კომპანიებისთვის გზის გადაკეტვა იგეგმება მეორე მხრიდანაც – სოფელ ტვიშში.

„დღეს ტვიშში ხალხის გამოვა, რომ გზა გადაკეტოს და ხელი შეუშალოს კომპანიის მანქანებს გადაადგილებაში. იქ უკვე საკმაოდ დიდი ტექნიკა შეიყვანეს“, – უთხრა „რეგინფოს“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნუგზარ გოდოლაძემ.

მისივე თქმით, ნამოხვნისკენ მიმავალი ორივე გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესამოწმებლად გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი არ ჩავიდა. აქტივისტები აცხადებენ, რომ კომპანია კანონის დარღვევით მუშაობს და კაშხლისთვის სადერივაციო გვირაბს აშენებს. შაბათს 8 მაისს, როდესაც აქტივისტები ნამოხვანში შევიდნენ და სამუშაოები გააპროტესტეს, მიიღეს დაპირება, რომ მონიტორინგის ჯგუფი შემოწმებას ორშაბათს, 10 მაისს ჩაატარებდა.

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე უარყოფს, რომ ნამოხვანში კაშხლის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი თქმით, „სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში“. მთავრობაც აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გუშინ თქვა, რომ სოფელ გუმათში ვითარება იძაბება, რის გამოც ქალაქებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს წყვეტენ.

„როცა აქაურობას ვტოვებთ, საპოლიციო ძალები გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას პროვოცირებენ. ამიტომ, აღარ ვაპირებთ, რომ გავიდეთ. ბოდიში მინდა მოვხადო იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებზე გველოდნენ. გამორიცხულია აქაურობის დატოვება, რადგან შესაძლოა კარვების დაშლა და დარბევა მოხდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

28 აპრილს სასამართლომ „ეკნა რინიუებლზი“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ინვესტორი კომპანია რიონის ხეობაში სამუშაოებს კანონდარღვევით აწარმოებს. სამართალდამრღვევმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. კომპანიაში განმარტეს, რომ სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდებოდა ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. მათივე თქმით, დღეისთვის, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და შესაბამისად, საკითხი ამოწურულია.

 

ამ თემაზე:

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]