weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში, ფინანსურ პოლიციასთან, მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა

19:04 სამშაბათი, 18 მაისი 2021

ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს და როგორც მისი ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, სხეულის 35%-იანი დამწვარი აქვს.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძე პროტესტის უკიდურეს ფორმამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა მიიყვანეს. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო სამსახური ღოღობერიძის საქმეზე მტკიცებულებებს აყალბებს. მერაბ ღოღობერიძე კერძო სამშენებლო კომპანიის მფლობელიც არის.

„მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, შანტაჟს და მტკიცებულებების ფარსიფიკაციას. ისინი მას დაცვის უფლებას უზღუდავდნენ. მერაბი ფინანსურ პოლიციაში ინფორმაციის მისაღებად მივიდა, თუმცა ისინი არ შეხვდნენ და ამის შემდეგ მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – ამბობს ადვოკატი.

მომხდართან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ აღძრული აქვთ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს.

„გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია. სამართალდამცავი უწყება, აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მერაბ ღოღობერიძის სახელი 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მერაბ ღოღობერიძე დააკავეს და დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას. 2018 წლის 10 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძეს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის მარტში გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]