სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათი წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შუქრუთში შეხვდნენ, რის შემდეგაც, მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით, გუშინ კომუნიკაცია ჰქონდათ კომპანიასთან.
„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება.
აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ“ განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. (როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ზარალის ოდენობის შეფასების მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ მიმართოს). ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.
უკვე 105 დღეა, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვენ. 11 მაისს აქციის მონაწილეთა ნაწილმა პირი ამოიკერა და სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დახმარება მოითხოვა. მოგვიანებით მათ კიდევ ხუთი ადამიანი შეუერთდა. რვა პირამოკერილიდა სამი ქალია.
30 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ჩავიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მდგომარეობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ დაინტერესდა. ისინი დღემდე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელჩ კელი დეგნანს სთხოვენ დახმარებას.