weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორთან ავარიისას დაღუპული 6 ადამიანის საქმეზე სატვირთოს მძღოლს 10 წელი მიესაჯა

20:52 სამშაბათი, 15 ივნისი 2021

სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის გამო დააკავეს, სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2020 წლის 29 ოქტომბერს მომხდარ ავტოავარიას, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, სადაც სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები - ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.

სამართალდამცველებმა სატვირთოს მძღოლი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა“, – აცხადებს პროკურატურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]