weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბარიკადებს იღებენ, ველოდებით პასუხს დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით – გოლეთიანი

16:07 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021
რადიო ძველი ქალაქის ფოტო - გადაღებულია ბარიკადების აღების შემდეგ რადიო ძველი ქალაქის ფოტო - გადაღებულია ბარიკადების აღების შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში ორი თვის წინ აღმართული რკინის კედლის დემონტაჟი დაიწყო. ამასთან, სამინისტროს განცხადებით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

რკინის კედლის აღება და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ სამი საკითხიდან, რაზეც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები შაბათს, 12 ივნისს, ევროპელი მედიატორის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„მიმდინარეობს ბარიკადების დემონტაჟი. ეს იყო პირველი ნაწილი ჩვენი პირობებისა, რომელიც დავაყენეთ შეხვედრაზე და რომელიც ახლა ვხედავთ, რომ სრულდება. ველოდებით პასუხს დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო განცხადება.

ასევე, უნდა გავიდეს პოლიციის ის რაოდენობა, რაც ახლა ხეობაშია მობილიზებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, წყლის ჭავლის მანქანები, რობოკოპები მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იყვნენ და უნდა დატოვონ ხეობა იმისთვის, რომ რეპრესიული გარემო არ იყოს“, – აცხადებს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები სოფელ ნამოხვანში დაბრუნდებიან, სადაც პოლიციამ 11 აპრილს კარვები დაუშალათ, „ენკა რინიუებლზმა“ კი ადგილი გადახნა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მომდევნო შეხვედრა ჩაინიშნება.

„მომდევნო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ პირობის მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმისთვის, რომ დავიწყოთ კომუნიკაცია და რეალურად მედიაციის პროცესი, აუცილებლად შესრულებული უნდა იყოს ყველა ის პირობა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაყენებთ. ბუნებრივია, როცა მუშა პროცესი მიმდინარეობს და ლანდშაფტი მნიშვნელოვნად ზიანდება, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მშვიდ გარემოში; ან, როცა ჩვენს თანამებრძოლებს იჭერენ, ვერ ვისაუბრებთ მშვიდ გარემოში“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

„სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს“, – აცხადებს შსს.

რაც შეეხება დაკავებულებს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან 28 წლის დავით ხუციშვილი და 29 წლის ირაკლი მუკბანიანი. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 და 1-ელ ივნისს დააკავა. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ხუციშვილსა და მუკბანიანს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]