weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

გახელაძის ქეისი მძიმე შემთხვევაა, თუმცა ამაზე მძიმე შემთხვევებიც გვახსოვს – სუს

19:29 სამშაბათი, 22 ივნისი 2021 hits 362

უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა.

გიორგი საბედაშვილი განმარტავს, რომ გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, სუს-ი მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით მუშაობდა.

„ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და ხუთივე შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მწვავედ იქნა დასმული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ორივე რაუნდის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას. ასეთივე მოთხოვნა დაყენდება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიების შეხვედრაზე.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი პრაქტიკულად ყოველდღე აქტიურდება, რაც მოიცავს როგორც მისი უკანონო პატიმრობის მდგომარეობის ასევე მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას“, – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა და აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის ოჯახს სუს-ის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია უკანონო პატიმრის მდგომარეობის შესახებ.

როგორც საბედაშვილმა განაცხადა, ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაზა გახელაძე თითქმის ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. მისი ოჯახი აცხადებს, რომ მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს სოფელ ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა.

ხვალ, 23 ივნისს ზაზა გახელაძე 34 წლის გახდება. მისი მამა პროტესტის ნიშნად ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის ჩაბარებას აპირებს. როგორც მიხეილ გახელაძე ამბობს, ღარიბაშვილი მას მეორედ შეხვდა და ურჩია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდეს, გარდა ამისა, პრემიერმა უარყო, რომ მაისის ბოლომდე ზაზას გათავისუფლებას დაჰპირდა. გახელაძეები და მათი მხარდამჭერები ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვასაც აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]