weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მიუღებელია 100 წელი და სხვა პირობები – ღარიბაშვილი ნამახვანჰესის პროექტზე

23:32 შაბათი, 26 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ინვესტორ კომპანიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხელშეკრულების ზოგიერთი პირობის შესაცვლელად.

„ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს პროექტი დამხვდა მემკვიდრეობით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, რაც იქ წერია, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ ჩამოწერილია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მისი მოწვევით ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის – „ენკას“ დამფუძნებელი იმყოფებოდა.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები უნდა გადაიხედოს. ვმუშაობთ აქტიურად, ჩართულია ქალბატონი ნათია [ეკონომიკის მინისტრი]. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატის დავავალე და მან გამოაცხადა შესაბამისი კონკურსი, საერთაშორისო ავტორიტეტის კომპანიაც იქნა შერჩეული, რომელიც აღნიშნული კონტრაქტის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.

თუ კიდევ დამატებით რაიმე შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ იქ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს და რაც აბსოლუტურად გასაგებია. ეს ყველას გვესმის და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს.

ამასთან ერთად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ და ჩავრთეთ ევროკავშირის წარმომადგენელი მედიაციის პროცესში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საკუთარი წარმომადგენლების საშუალებით არაერთხელ დაუდასტურა ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე, რათა არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ნამახვანჰესის აშენდეს ისეთი სახით, როგორც სასარგებლო იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური პროექტი არ აშენებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე, ეს ჩემს დროს მოხდა, ვთქვით, რომ მინიმუმ 9-12 თვე არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების ეფექტსა და ზიანთან. ნებისმიერი რისკი გამორიცხული უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ძვირფასი რესურსები, მაგრამ გვაქვს ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიც არის წყალი და ჰიდრორესურსები. შეგვიძლია, გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესებია აშენებული და გარემოს არავითარი ზიანი არ ადგება.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება იმ პარამეტრების და წესების დაცვით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ თუ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველა პროექტს, რომელიც სასარგებლოა სახელმწიფოსთვის, მთავრობისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„ყველა პროტესტი გამოხატული უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, დანარჩენი ყველაფერი მიუღებელია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის ასაშენებლად მთავრობამ ხელშეკრულება შპს „ენკა რინიუებლზ“-თან 2019 წლის 25 აპრილს გააფორმა, ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით გაიცა. მათ შორის, „ენკა რინიუებლზს“ სრული საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო დასკვნები მიმდინარე წლის 13 აპრილამდე უნდა წარედგინა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიამ თითქმის ერთი წლით ითხოვა ვადის გაგრძელება, რაც „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ დააკმაყოფილა. კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ დაასახელა. სავარაუდოდ, სწორედ კომპანიის მიერ დოკუმენტაციის ჩაბარების დაგვიანებაა კაშხლის მშენებლობის დაწყებაზე მორატორიუმის გამოცხადების რეალური მოტივი.

რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, 8 თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. ისინი ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]