ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის მიერ 5 ივლისს, დილით გაკეთებულმა განცხადებამ მისცა ბიძგი შემდეგ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, რასაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა.
„რადგან მე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვარ და ჩემი ტრიბუნა მაქვს – ყოველკვირეული გადაცემა, აქამდე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ, არ გამოვსულვარ ქუჩაში 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო. ჩვენ ვაკვირდებით სეკულარული სახელმწიფოს კრიზისს და ამ კრიზისს ახლა არ დაედო საფუძველი.
ჩვენ არ დავნებდებით და თუ დავნებდებით, შეგვიძლია წავიდეთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ რას იზავენ აქ ადამიანები, როცა ხმას ვერავის მიაწვდიან, როდესაც ღარიბაშვილი ეყოლებათ ეთერში, მუდმივად, თავისი ზიზღით; როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრია და ზიზღს აფრქვევს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.