weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ფონიჭალაში დავაკავეთ პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა – შსს

22:04 კვირა, 18 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფონიჭალაში დააკავეს 1987 წელს დაბადებული ფ.ა., რომელმაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. მანამდე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა მას სასტიკად სცემა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ოპერატორს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, სახის ძვლები დაუმტვრიეს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტი სწორად მართეს.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ. გამოძიებას არ ენდობა არც ტელეკომპანია „პირველი“. ამ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]