weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას ხვალაც გამართავენ

23:59 პარასკევი, 06 აგვისტო 2021
ანა დოლიძის ფოტო ანა დოლიძის ფოტო

პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება, ხოლო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დასაქმებულთა ნაწილმა მუშაობა განაგრძო, სიმართლეს არ შეესაბამება. გაფიცულები აქციის გამართვას ხვალაც აპირებენ.

ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომლის, რაკლი ბაღდავაძის თქმით, ის ღამეს კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისთან გაათევს.

„ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ და არ შეუძლიათ დარჩენა, ამაღამ წავლენ და დილით ისევ მოვლენ. ასეთი პირობა დავდეთ, რომ ერთმანეთი არ გავწიროთ და შევუწყოთ ხელი. მე პირადად აქ ვრჩები.

თუ საჭირო გახდება, აქ ვიცხოვრებ, ვიშიმშილებ, ვიდრე არ მოვა ბატონი ხმალაძე [თბილისის ვიცე-მერი], რომელიც იმუქრება და ბატონი კალაძე, სანამ არ ნახავენ, რას ვმუშაობ. რატომ არის მერია უკმაყოფილო ჩემი მუშაობით, მაინტერესებს.

ჩემი ბათინკების და ხელთათმანების, ფოცხების ფულს რომ იპარავენ, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? მოვიდეს ხმალაძე და გამცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ბაღდავაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მანაც დაადასტურა, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს გაფიცულების ნახევარზე მეტმა მუშაობა უკვე განაახლა.

„ისინი ჩვენი ხალხი არ არიან. დაქირავებული მუშები არიან. მანქანების საჭესთან მენეჯერები და დისპეჩერები დასხდნენ, სამუშაოდ კი დაქირავებული მუშები წაიყვანეს. წყალკანალის, გამწვანების ხალხი მოიყვანეს და მათ ამუშავებენ. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ვართ გაფიცული, მაგრამ დიდუბე-ჩუღურეთი, დიდი დიღომი – ძალიან ბევრი რაიონი გაფიცულია.

ხვალ უკვე დამგველებიც გვიერთდებიან. ხელფასი დაგვიმატონ, მანქანები მწყობრში მოიყვანონ – ჩემი სიცოცხლეა რისკის ქვეშ, ხვალ რომ მუხრუჭი გაფუჭდება – მოგვცენ ფორმა, ხელთათმანები და შეგვიქმნან ის პირობები, რაც გვეკუთვნის“, – აღნიშნა ბაღდავაძემ.

6 აგვისტოს, დილით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას გამართა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის 50%-ით მომატება, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლება და სეზონის შესაბამისად სამუშაო უნიფორმის შეცვლა. ამჟამად დასაქმებულთა უმეტესი ნაწილის ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულების პროტესტი, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, უკანონოა და საბოტაჟს წარმოადგენს, რასაც „უცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები“. როგორც ხმალაძე ამბობს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასული წლის დეკემბერში ხელფასები 20%-ით გაეზარდათ. რაც შეეხება მათ სხვა მოთხოვნებს, როგორც ხმალაძე ამბობს, უნიფორმები შეძენილია, გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია, გარკვეული ნაწილის განახლებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]