„ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს“, – წერს აბსანძე სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი აბსანძე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაგანაწესს და სოციალურ მედიაში ქცევის წესებს.
ირაკლი აბსანძე 12 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. როგორც მან განაცხადა, 2012 წლის შემდეგ პირველად შეუერთდა აქციას.
„რადგან მე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვარ და ჩემი ტრიბუნა მაქვს – ყოველკვირეული გადაცემა, აქამდე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ, არ გამოვსულვარ ქუჩაში 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს ჩავთვალე, რომ ეს აუცილებელი იყო. ჩვენ ვაკვირდებით სეკულარული სახელმწიფოს კრიზისს და ამ კრიზისს ახლა არ დაედო საფუძველი. ჩვენ არ დავნებდებით და თუ დავნებდებით, შეგვიძლია წავიდეთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ რას იზავენ აქ ადამიანები, როცა ხმას ვერავის მიაწვდიან, როდესაც ღარიბაშვილი ეყოლებათ ეთერში, მუდმივად, თავისი ზიზღით; როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრია და ზიზღს აფრქვევს“, – ამბობდა ჟურნალისტი.
იმავე დღეს სამართალდამცავებმა ირაკლი აბსანძე „ქართული ოცნების“ ოფისთან დააკავეს, რა დროსაც ხელი მოსტეხეს.