„დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული ორი-სამი დღის განმავლობაში. ყოველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა.
ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება ხდება გაწერების ხარჯზე, ანუ ჯერჯერობით ამისი რესურსი არსებობს და საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.
თუ გაგრძელდება მომდევნო 7, 8, 10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს დამატებითი სასტუმროების მობილიზება და მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ აქამდე არ გაგვიკეთებია.
8000 არის ჩვენი მქსიმუმი. 8000 არის ის რაოდენობა საწოლფონდის, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა რომ არ დადგეს და ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას გაუძლოს, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით შესრულება.
„მხოლოდ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი თუ იქნება 90%-ზე მეტი (დღეს არის 50%), ჩვენ ყოველდღიურად გვექნება თითქმის 1000 შემთხვევით ნაკლები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 5697 ახალი შემთხვევა იყო. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6578 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.