weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც უდგებიან

23:55 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს, დაპატიმრების სანაცვლოდ თავდებში ოლიმპიურ ჩემპიონებთან ლაშა ბექაურთან და ლაშა ტალახაძესთან ერთად, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც უდგებიან.

„ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწვება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო.

ეს ადამიანი აქ კი არა, ამის ძეგლი უნდა იდგეს. შემიძლია მე ჩავჯდე აქ და დავჯდები რამდენი ხანიც გინდათ. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო, არ ვიცი. მე სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ... თავდებში ვუდგები ყველაფრით.

თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, ამან თუ რამე დააშაავა. ზვიადაური- შენს გულს ვენაცვალე“, - აღნიშნა სპორტსმენმა სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე თამარ კაპანაძე ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

სასამართლოს ზურაბ ზვიადაურის პირადი თავდებობა შესთავაზა პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ დანაშაულის შემდეგ ზვიადაური პოლიციაში მან მიიყვანა.

„დარწმუნებული ვარ, ის მკვლელი არ არის და ტყუილად ზის განსასჯელის სკამზე. მე გაცნობილი ვარ ბრალის დოკუმენტებს და ის კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ბრალი აცდენილია შურისძიების მოტივს. მე შეგნებით ვარ აქ მოსული და არა მეგობრობით. იმ დღიდან ვიცნობ, როცა გახდა ჩემპიონი. 10 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ასეთი ვაჟკაცია. ზურა იქ რომ არ ყოფილიყო, ბევრი ადამიანი მოკვდებოდა. ვიცი, რომ მალე ანგელოზი ეყოლება და თუ დამიძახებს ვიქნები მისი ნათლია.

მე შემიძლია შევთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ, ჩავკეტავ და თუ მივალ, გავაღებ.

სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი“, განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაჭრეს.

 

ამ თემაზე:

თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]