weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემმა შვილმა თავდაცვის მიზნით იხმარა იარაღი – მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა

17:50 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021
ფოტოზე - ნიკა კენჭოშვილი ფოტოზე - ნიკა კენჭოშვილი

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 16 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მამის თქმით, მისმა შვილმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

მამა ამბობს, რომ ნიკა კენჭოშვილი ჭიათურიდან წინანდალში სამუშაოდ ორ ბიძაშვილთან ერთად იყო წასული. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება მშენებლობაზე დასაქმებულ ბრიგადებს შორის დაიწყო.

„ჩემი შვილი იყო მშრომელი, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანი. ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში. ფიზიკურად შრომობდა. რა ბიზნეს წილები, რის ბიზნეს წილები.

მინდა, იმ ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები, იქაც რა ხდება ახლა. მე ზვიადაურით ვამაყობდი. ამ ადამიანზე არაფერი ვიცი. ალბათ, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, მაგრამ მას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე. 

როგორც ვიცი, ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ ბრიგადას, მუშებს, რომლებიც ჩემს შვილთან ერთად იყვნენ, რაღაც ფიცარზე მოუზელიათ ალიზი თუ რაღაც ამდაგვარი. ყოველ შემთხვევაში, ამ ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა – „რატომ მოზილეთ, ეს ჩვენიაო“. ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის „პრარაბი“ – ვატო, რომელსაც დაარტყეს. თავიდან იქ ნიკა არ იყო. როგორც გავიგე, ის „პრარაბი“ ბიჭი იყო იქ და მერე უკვე რომ გადავარდნენ ძირს, თუ რაღაც, ნიკა ქვემოთ მუშაობდა და იქიდან გამომდინარე ჩაერთო ამ პროცესში.

ჩემმა შვილმა დაცვის მიზნით იხმარა ეს თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე“, – ამბობს მოკლული კენჭოშვილის მამა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაჭრილი ნიკა კენჭოშვილი საავადმყოფოში ზურაბ ზვიადაურმა მიიყვანა: „ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ გოგა და გაგა კენჭოშვილებმა, რომლებიც ერთად მუშაობდნენ, მათ მიიყვანეს. ჩემი შვილი თავისივე მანქანაში ჩასვეს გოგამ და გაგამ, ძმებმა და სასწრაფოდ იქიდან წავიდნენ“, – აცხადებს გარდაცვლილის მამა.

ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის ყოფილი წევრი, ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. თელავის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა და კენჭოშვილის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარი, ასევე ძმისა და მეგობრების სიცოცხლის დასაცავად გამოიყენა.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს – ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი (ზვიადაურების მეგობარი) და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ძმები ზვიადაურების მეგობარი ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურის მტკიცებით, 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ჯაბა ჯანგირაშვილის ახლობელს, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები – იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. დაახლოებით ერთ საათში ზვიად ზვიადაური მივიდა ჯაბა ჯანგირაშვილის მითითებულ ადგილზე, სადაც ასევე მივიდნენ ზვიად ზვიადაურის ძმა, ზურაბ ზვიადაური, ასევე, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები. ჩხუბის მიზეზის გასარკვევად, დაახლოებით 17:00 საათზე, დაუკავშირდნენ და დაიბარეს ვახტანგ კვანტალიანი. პროკურატურის მტკიცებით, ჯაბა ჯანგირაშვილი მის კუთვნილ ავტომანქანაში ინახავდა მასზე რეგისტრირებულ „არსენალის“ წარმოების 7.62 კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც უმეთვალყურეოდ ჰქონდა დატოვებული.

„ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ზურაბ ზვიადაურის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა მესამე იარაღიც იპოვეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]