weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამწუხაროდ, ჩვენც გავრცელებული განცხადებით გავიგეთ, რომ 2 პატიმარი გარდაიცვალა – ლომჯარია

17:23 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა, სადაც გუშინ გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებული ემსხვერპლა. როგორც ლომჯარია ამბობს, მისი მიზანია ვითარებას ადგილზე გაეცნოს და პატიმრებს გაესაუბროს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მის წარმომადგენლებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გუშინვე ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა პატიმრების გარდაცვალების შესახებ არ აცნობეს.

„სამწუხაროდ, ჩვენც საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ორი პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს, უკვე რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.

მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდგომ. იქ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანას ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც სავარაუდოდ დაიღუპა.

დაშავებულებზე არ გვაქვს ინფორმაცია. არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც, როგორც ვიცი, გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში. არ ვიცი, მანამდე იყვნენ დაღუპულები თუ არა. გადავამოწმებ, არის თუ არა კიდევ დაშავებული.

ჯერჯერობით რაც ვიცი, ეს სასადილო მოშორებით არის ე.წ. ზონისგან. ამიტომ გავესაუბრები პატიმრებს, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია, თუმცა ჩვენ უკვე გავესაუბრეთ ე.წ. სამეურნეო ნაწილის პატიმრებს და ისინი აცხადებენ, რომ არ იყო ასეთი საფრთხე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ დაწესებულებაში შესვლამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა N17 დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებული ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე. გარდა ამისა, კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე გაჩნდა, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს დაადასტურა მას შემდეგ, რაც ამაზე ერთ-ერთმა ადვოკატმა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გუშინვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს. გამოძიება მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]