ამასთან, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ექიმების კონსილიუმის მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
„N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამასთან, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
მოგვიანებით, ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოატყუეს. მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, კრიმინალების გინების ქვეშ გადმოიყვანეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.
„მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.