weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ქუთაისში ექიმებმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს

14:12 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021
ფოტო © Kutaisi Post. ფოტო © Kutaisi Post.

ქუთაისში მოღვაწე ექიმებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება და მოითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

„გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 34 ექიმი აწერს.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას“, – აცხადებენ ექიმები.

მიხელ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ასევე შიმშილობა გამოცხადებული პარლამენტის 10 დეპუტატს: ელენე ხოშტარიას, აკაკი მინაშვილს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, გიორგი გოდაბრელიძეს, ნიკა მაჭუტაძეს, თემურ ჯანაშიას, ბაჩუკი ქარდავას, აბდულ ისმაილოვის და სულხან სიბაშვილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]